გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგი და რეგიონული უსაფრთხოების თემები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა.
პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ვიზების ლიბერალიზაციისადმი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბულგარეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივებს. გამოითქვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა როსენ პლევნელიევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები