დავით უსუფაშვილი: ეროვნულ ბანკს გამოცდილი, კვალიფიციური, დამოუკიდებელი, პრინციპული ადამიანები უნდა ხელმძღვანელობდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევის პროცედურის შესახებ დღეს მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარდგენილი კობა გვენეტაძის კანდიდატურის შესახებ პარლამენტს ჯერჯერობით არანაირი პოზიცია არ გააჩნია.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს გამოცდილი, კვალიფიციური, დამოუკიდებელი და პრინციპული ადამიანები უნდა ხელმძღვანელობდნენ და საბჭოს წევრის კანდიდატურას საქართველოს პარლამენტი სწორედ ამ კრიტერიუმებით შეაფასებს.
„პროცესი მიმდინარეობს „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ამ კანონებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება, საქართველოს პარლამენტს შესთავაზოს ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა.
პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ დაასრულეს ეს პროცესი და პარლამენტს, ჯერ, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ გაცხადდა და მალე ალბათ ქაღალდით შემოვა, წარმოუდგინეს ბატონი კობა გვენეტაძის კანდიდატურა.
პარლამენტი მიიღებს ამ კანდიდატურას, განიხილავს კომიტეტებში, ფრაქციებში და იმსჯელებს გადაწყვეტილების მიღებაზე. ამ წუთის მდგომარეობით, რაიმე პოზიციები პარლამენტის მხრიდან არ არსებობს, ვერც იარსებებს, იმიტომ, რომ კანდიდატი ახლა დასახელდა. მას ზოგი იცნობს, ზოგი არ იცნობს, ბევრი გაიცნობს, იქნება მოსმენები, შეხვედრები და ჩამოვყალიბდებით იმ პრიორიტეტიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საქართველოს ეროვნული ბანკი უნდა მოვიაზროთ, როგორც სტაბილური, სკანდალების და აურზაურის გარეშე მოქმედი უწყება და მას უნდა ხელმძღვანელობდნენ საბჭოს წევრების სახით გამოცდილი, კვალიფიციური, დამოუკიდებელი, პრინციპული ადამიანები. აი ამ კრიტერიუმებით შევაფასებთ ჩვენ ამ ყველაფერს“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები