სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგური არ აშენდება

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ატომური ელექტროსადგურის ახალი ენერგობლოკის მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
სააგენტო „რეგნუმის“ ცნობით, ეს ბლოკი რუსეთის მონაწილეობით უნდა აშენებულიყო.
როგორც მთავრობის სხდომაზე სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ერვანდ ზახარიანმა განაცხადა, არსებობს ამ პროექტის დამატებითი განხილვის აუცილებლობა.
ცნობისთვის, სომხეთში ახალი ატომური ენერგობლოკის მშენებლობის დაწყება 2018 წლისთვის იგეგმებოდა, ხოლო დასრულება – 2026 წლისთვის. ამასთან დაკავშირებით, რუსეთსა და სომხეთს შორის მეწამურის ატომური სადგურის მეორე ენერგობლოკის ექსპლოატაციის გაგრძელების შეთანხმება გაფორმდა. მოქმედი ენერგობლოკის სიმძლავრე 1000 მეგავატიდან 600 მეგავატამდე შემცირდა და ის 2026 წლამდე იმუშავებს.
სომხეთში ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა და მეორე ენერგობლოკის გაჩერება ევროკავშირსა და სომხეთს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ერთ-ერთი პირობა იყო. მაგრამ სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანდა, რის შემდეგ ძველი ბლოკის ფუნქციონირების გაგრძელების გადაწყვეტილება იყო მიღებული.
სომეხი ექსპერტების აზრით, მომავალშიც ახალი ენერგობლოკის მშენებლობის შანსები მინიმალურია. ექსპერტი სევახ სარუხანიანი ამის მიზეზად ბაზრის მოთხოვნებს ასახელებს.
„ახალი სადგურის მშენებლობის შემთხვევაში ის მოქმედზე 2,5-ჯერ მძლავრი იქნება. მაშინ სად უნდა წაიღოს სომხეთმა დარჩენილი ელექტროენერგია? საქართველოს ის არ სჭირდება. ირანი 1 კილოვატ/საათში 15 ცენტს არ გადაიხდის. თურქეთთან ჩვენ საზღვარი ჩაკეტილი გვაქვს და მისი გახსნის შემთხვევაშიც არა მგონია, რომ თურქები სომხური ელექტროსადგურის დენს რომელიმე რეგიონს მიუერთებენ“, – აცხადებს სარუხანიანი. სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი 2008 წლიდან აქტიურად განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები