აპირებს თუ არა ბურჯანაძის გუნდი საარჩევნოდ პოლიტიკური ბლოკის შექმნას
პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე რომელიმე პარტიასთან მოლაპარაკების მიმდინარეობას არ ადასტურებს.
როგორც ბურჯანაძის გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, გამორიცხული არაფერია, თუმცა მოცემულ მომენტში პარტია არავისთან საარჩევნო ბლოკის შექმნას არ გეგმავს და ამჟამად მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
ბარამიძის თქმით, 2016 წლის პარლამენტი უფრო ჭრელი იქნება და მეტი სუბიექტი იქნება წარმოდგენილი. ბარამიძე არ ვარაუდობს, რომ მომავალ პარლამენტში რომელიმე პარტია უმრავლესობით გავიდეს.
“პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი არჩევნების დროს გადანაწილებები, კოალიციების და საერთო პოლიტიკური ფრონტის შექმნა ხდება ხოლმე და გამორიცხული არაფერია, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ ეტაპზე აპირებს, არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს. არ მგონია, მომავალ პარლამენტში რომელიმე პარტია უმრავლესობით გავიდეს. პარლამენტი უფრო ჭრელი იქნება და მეტი სუბიექტი იქნება წარმოდგენილი. მასში, რა თქმა უნდა, ვიქნებით ჩვენ, „ქართული ოცნება“, რაღაც პროცენტით „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“. შესაძლებელია უკვე არჩევნების შემდეგ, პარლამენტში შესულმა პარტიებმა მოილაპარაკონ და იქ ერთ დიდ ფრაქციად გაერთიანდნენ “, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.