თინა ხიდაშელმა გოგი თოფაძის განცხადების კომენტირებაზე კატეგორიული უარი განაცხადა

ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის ბრალდებებს არ უპასუხა.
ჟურნალისტების კითხვას – გააკეთებს თუ არა დეპუტატის ბრალდებებზე რაიმე სახის კომენტარს, მინისტრმა კატეგორიული უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საგაზეთო ინტერვიუში გოგო თოფაძემ თინა ხიდაშელს საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი.
„წესით და რიგით ხიდაშელმა მინისტრის კაბინეტში კი არა დაკითხვებზე უნდა იაროს რადგან შარშან, ოქტომბერში საგარეჯოს რაიონში შუალედური არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა. ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსაგვსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა“,-განაცხადა გოგი თოფაძემ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთვის“ მიცემნულ ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ თოფაძის ეს ბრალდება მინისტრის მისამართით, ხიდასელის იმ კომენტარს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მან თოფაძის პარლამენტში ყოფნა გაიკვირვა. „რა, თოფაძე დღემდე პარლამენტშია?“,-იკითხა ხიდაშელმა.
მოგვიანებით, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თოფაძეს იგი პირადად ესაუბრა და მან აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მისივე თქმით, თოფაძემ თქვა, რომ ჟურნალისტისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს.
გაზეთმა „საქართველო და მსოფლიომ“ კი ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებლობა აიღო და დეპუტატის საპასუხოდ ინტერვიუს სრული აუდიო ჩანაწერის გასაჯაროვება დაანონსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები