იენს სტოლტენბერგი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რითაც კიდევ უფრო უახლოვდება ნატოს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„ეს წუთია დავასრულეთ ნატო-საქართველოს კომისიის ძალიან კარგი შეხვედრა. საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რითაც კიდევ უფრო უახლოვდება ნატოს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ნატო მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე. დღეს ერთად მიღწეული პროგრესი შევაჯამეთ. ჩვენი დახმარების არსებითი პაკეტი აძლიერებს საქართველოს თავდაცვას და მის შესაძლებლობას, იმუშაოს ნატოს ძალების მხარდამხარ. მაისში ჩვენი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი თბილისში პირველ ქართულ ასეულს მოამზადებს – ეს კარგი ამბავია. კვლავ ვეძებთ ახალ პრაქტიკულ გზებს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გასაძლიერებლად. საქართველო ერთგულად მიჰყვება ამბიციური რეფორმების გზას. მოკავშირეებმა დღეს მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი უმნიშვნელოვანეს სფეროებში, კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ჩათვლით. ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ნაწილია. ჩვენი ინტერესი საქართველოს მიმართ ძლიერია. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის მშენებლობაში და ხელს ვუწყობთ რეფორმების პროცესს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები