დავით ზალკალიანი აშშ-ის დაზვერვის ანგარიშზე: დოკუმენტი ჩვენი მხრიდან აღქმული უნდა იყოს, როგორც გაფრთხილება
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ანგრიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ნიკოლას ბერლინერს ესაუბრა.
როგორც ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩის რჩევით, საქართველომ ეს დოკუმენტი გაფრთხილებად უნდა აღიქვას.
„ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან, სადაც მისი მხრიდან მკაფიოდ იყო ხაზგასმული, ეს დოკუმენტი და ეს განხილვა უნდა იყოს ჩვენი მხრიდან ისე აღქმული, რომ ეს არის ერთგვარი გაფრთხილება და ყურადღების მიქცევა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იმ საფრთხეებზე, რომელიც მოდის ქვეყნის გარედან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ანგრიშში ნათქვამია, რომ საქართველომ შესაძლოა, დასავლური ორიენტაციით სვლა შეაჩეროს.