“ჩვენ შევისწავლით, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად”

ჩვენ შევისწავლით, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო – საქართველოს კომისიის სხდომის დასაწყისში განაცხადა.
„უელსის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მინიჭებაზე, რაზეც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამ პაკეტის ფარგლებში თბილისში საქართველოს და ნატოს ოფიცრები ერთად მუშაობენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასამტკიცებლად. ახალი საწვრთნელი ცენტრი ტაქტიკურ დონეზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერთა მომზადებას მაისში დაიწყებს. ჩვენ შევისწავლით, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენი მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენ განვიხილავთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს ამ საზღვრების დარღვევას. მანვე განაცხადა, რომ საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. მის თქმით, ნატო ამ პარტნიორობის გაღრმავების ერთგულია.
“საქართველო პოლიტიკური რეფორმის, უსაფრთხოების სექტორში რეფორმის, საკუთარი უსაფრთხოების გაუმჯობესების ერთგული რჩება. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ჩვენ ამ პარტნიორობის გაღრმავების ერთგულნი ვართ”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები