სოზარ სუბარი: არც მწვავე, არც რბილი დაპირისპირება კოალიციაში არ არის

არც მწვავე, არც რბილი დაპირისპირება კოალიციაში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„არც მწვავე, არც რბილი დაპირისპირება არ არის, თუმცა, ზოგჯერ, კოალიციის შიგნით გამოითქმება აზრები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, მისაღები არ არის. ვგულისხმობ, გოგი თოფაძის გამოსვლის ნაწილს პარლამენტში“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება გოგი თოფაძის ინტერვიუს და თინა ხიდაშელთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, როგორც სუბარი ამბობს, დღეს გარემოს დაცვის მინისტრისგან შეიტყო, რომ თოფაძეს ხიდაშელი არ გაუკრიტიკებია.
შეგახსენებთ, რომ საგაზეთო ინტერვიუში გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელს საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი.
„წესით და რიგით ხიდაშელმა მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა. ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსაგვსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა“,- განაცხადა გოგი თოფაძემ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ თოფაძის ეს ბრალდება მინისტრის მისამართით, ხიდაშელის იმ კომენტარს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მან თოფაძის პარლამენტში ყოფნა გაიკვირვა. „რა, თოფაძე დღემდე პარლამენტშია?“,-იკითხა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები