ნოდარ ხადური ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე -პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე – პრეზიდენტს, ლასლო ბარანიაის შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გზების, წყლისა და ენერგეტიკის სექტორებში დამატებითი დაფინანსების მოზიდვა და ამ მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერა.
ფინანსთა მინისტრმა EIB-ის ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელიც ბანკმა საქართველოს გაუწია თბილისში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის.
ევროპის საინვესტიციო ბანკი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მზადყოფნა განაცხადა თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხების გამოყოფის შესახებ და 50 მილიონი ევრო გამოყო.
მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული ოფისი მალე სრულად დაკომპლექტება, რაც მნიშვნელოვანია EIB-ის რეგიონში სრულად წარმოდგენისათვის და თანამშრომლობის გააქტიურებისთვის. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერის მიმართულებით. ხაზი გაესვა ევროპის საინვესტიციო ბანკის კერძო სექტორში გააქტიურების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებისთვის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები