„იბიარდთან“ მოლაპარაკებები დასრულდა, ზაფხულში დედაქალაქში 175 ახალი ავტობუსი შემოვა“
„იბიარდთან“ მოლაპარაკებები დასრულდა, მიმდინარე წლის ზაფხულში დედაქალაქში 175 ევროპული ტიპის ავტობუსი შემოვა“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა ბაბუნაშვილმა გააკეთა.
ავტობუსების შემოყვანა, ბაბუნაშვილის თქმით, მომავალ წელსაც მოხდება და ეტაპობრივად განახლდება თბილისის ავტოპარკი. რაც შეეხება ავტობუსების ფასს, მისი საცალო ღირებულება დაახლოებით 250 000 ევროს შეადგენს.
„ქალაქში 175 ახალი ევროპული სტანდარტის ავტობუსი ზაფხულში შემოდის. ეს ავტობუსები ხელს შეუწყობს ქალაქში მოსახლეობის ნორმალურ გადაადგილებას და აღარ იქნება საჭირო ამდენი მიკროავტობუსი. ხაზიდან მოხსნილ ძველ ავტობუსებს ჩაუტარდებათ კაპიტალური რემონტი და ისინიც ამ ახალ ავტობუსებთან ერთად განაახლებენ მუშაობას. ავტობუსების შემოყვანა გაგრძელდება მომავალ წელსაც, სანამ აბსოლუტურად არ განახლდება ავტოპარკი.
„იბიარდთან“ მოლაპარაკებები დასრულებულია, ავტობუსებისთვის 30 მილიონი ევროა გამოყოფილი. ტენდერში მონაწილეობას ღებულობენ ჩინური და ევროპული კომპანიები. ჩვენ, სავარაუდოდ, არჩევანს ევროპულზე შევაჩერებთ. ავტობუსების სიგრძე 12 მეტრზე მეტი არ იქნება. მათი საცალო ფასი კი 200-დან 250 000 ევრომდე მერყეობს, თუმცა მასობრივი შესყიდვისას მათ ღირებულებას ფასი დააკლდებათ“, – აღნიშნა ბაბუნაშვილმა.
წელსვე მოხდება ქალაქში არსებული ტაქსების აღრიცხვაც. ბაბუნაშვილის განცხადებით, დაუზუსტებელი ინფორმაცით, დედაქალაქში მოძრავი ტაქსების რიცხვი 50 000-მდე აღწევს. საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, წელს ტაქსებისთვის რაიმე რეგულაციების დაწესება არ იგეგმება, თუმცა ბაბუნაშვილი ვარაუდობს, რომ რეგულაციები ტაქსებს მომავალ წელს დაუწესდებათ, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა მწყობრიდან არის გამოსული.
„გვინდა აღვრიცხოთ, დედაქალაქში რამდენი ტაქსი გადაადგილდება. არის ინფორმაცია, რომ მათი რიცხვი 50 000 შეადგენს. ჩვენ უნდა დავადგინოთ, რამდენი ტაქსი მოძრაობს დედაქალაქში და სჭირდება თუ არა თბილისს ამდენი ტაქსი. ქუჩაში უკვე ტაქსების რიგია. მათი უმრავლესობა მწყობრიდან გამოსულია და გადაადგილებისთვის სახიფათოა. წელს უნდა დავიწყოთ აღრიცხვა, რომ შემდეგ დავარეგულიროთ ქალაქში ტაქსების მოძრაობა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული საცობებთან. წელს არ იქნება არანაირი რეგულაცია, წელს მოხდება მხოლოდ აღრიცხვა, შემდეგ წელს იქნება რეგულაციები. მე ვთვლი, რომ ამ საკითხის მოწესრიგება ტექდათვალიერებით უნდა დავიწყოთ. ჩვენ უკვე მივმართეთ პარლამენტს, რომ ამ საკითხზე მუშაობა დაიწყონ“, – აღნიშნა გოჩა ბაბუნაშვილმა.