დაპირისპირება დე ფაქტო აფხაზეთში – “სომხები აფხაზეთის საქმეებში სულ უფრო აქტიურად ერევიან”
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ორგანიზაცია „აიდგილარას“ წარმომადგენელი აიდამირ ხიშბამ გამოცემა kavkazplus.com-თან ინტერვიუში ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას უპირისპირდება და მას აფხაზეთის საქმეებში სულ უფრო აქტიურ ჩარევაში ადანაშაულებს.
„აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წლებში ადგილობრივი სომხები საქართველოს წინაღმდეგ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობდნენ. ამასთანავე, ისინი ეთნიკურ ქართველებსა და მეგრელებს ძალზე სასტიკად ექცეოდნენ, რაც ჩვენ ძალზე გვაშინებდა“, – წერს ხიშბა.
„ადგილარას“ წარმომადგენლის თქმით, ეთნიკურ აფხაზებს მიაჩნდათ, რომ სომხები დამოუკიდებელი აფხაზეთისთვის იბრძოდნენ.
„ახლა კი მათი ნამდვილი სახე გამოჩნდა. აფხაზეთის სომეხმა მოსახლეობამ ხელში მთელი ეკონომიკური საქმიანობა ჩაიგდო – გზების მშენებლობით დაწყებული და სახელმწიფო კომპანიების მართვით დამთავრებული“, – აცხადებს ხიშბა.
ხიშბა ასევე წერს, რომ აფხაზეთის პარლამენტის სომეხი დეპუტატები ოკუპირებული რეგიონის პოლიტიკაში სულ უფრო აქტიურად ერევიან და საქართველოს გავლით სომხეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ლობირებენ.
იმის გამო, რომ აფხაზეთის პოლიტიკური ძალები ამ საკითხს ეწინააღმდეგებიან, ჩნდება სასწაული, „აფხაზური სარკინიგზო კონსორციუმის“ მსგავსი პროექტები, რომლის მიხედვით მთელი რკინიგზა მოსკოველი ბიზნესმენების დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს.
ხიშბას მიჩნია, რომ სომხები აფხაზეთში ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, სომხები დღეს ეთნიკურად აფხაზების რაოდენობას აღემატებიან.
„აიდგილარას“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ აფხზეთში 100 ათასი სომეხი ცხოვრობს, მაშინ როდესაც აფხაზების რაოდენობა დღითიდღე მცირდება.
„ჩვენ, „აიდგილარას“ წევრებს, გვსურს გავაფრთხილოთ აფხაზები, რომ სომხებს ყოველთვის სურდათ შავ ზღვაზე გასვლა და ამ მიზანთან აფხაზეთში ისინი ძალზე ახლოს არიან. უკვე ხდება „სომხური ფაქტორის“, როგორც აფხაზეთის შიდაპოლიტიკური ცხოვრების მტკივნეული საკითხის წარმოჩენა. რისთვის ვიბრძოდით ჩვენ? ნუთუ იმისთვის, რომ აფხაზეთში სომხური სკოლების რაოდენობა აფხაზურებზე მეტი იყოს? დრო მოვიდა, რომ ამ საკითხებში აფხაზებმა უფრო გადამჭრელი ნაბიჯები გადადგან“, – წერს აიდამირ ხიშბა.
გამოცემა „კავკაზტაიმსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის წევრები, რომლებმაც 1992-1993 წლებში ქართველების წინააღმდეგ ომში აქტიური მონაწილეობა მიიღეს, აფხაზეთში სომხების ჩასახლებას გეგმავენ.