გია ვოლსკი: ჰკითხეთ გოგი თოფაძეს საიდან მოიტანა

საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს სერიოზული ბრალდებაა და ამაზე პასუხი გოგი თოფაძეს უნდა ჰქონდეს.
თუმცა, დეპუტატმა საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბების ფაქტი კატეგორიულად უარყო.
მისივე მტკიცებით, გოგი თოფაძისა და თინა ხიდაშელის განცხადებები არ ნიშნავს, რომ კოალიციაში დაპირისპირებაა.
„გოგი თოფაძისა და თინა ხიდაშელის განცხადებები არ ნიშნავს რაღაცა პროცესების დაწყებას. ბატონ გოგის გარკვეულ საკითხებზე თავისი მოსაზრებები აქვს. ეს სერიოზული ბრალდებაა და ჰკითხეთ გოგი თოფაძეს, საიდან მოიტანა. მე ვფიქრობ, რომ არ გაყალბებულა არჩევნები. ჩვენ – ყველა ერთად ვიდექით და გავიმარჯვეთ“, – განმარტა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საგაზეთო ინტერვიუში გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელს საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი.
„წესით და რიგით ხიდაშელმა მინისტრთა კაბინეტში კი, არა დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში საგარეჯოს რაიონში შუალედური არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა. ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსაგვსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა“,- განაცხადა გოგი თოფაძემ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ თოფაძის ეს ბრალდება მინისტრის მისამართით, ხიდაშელის იმ კომენტარს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მან თოფაძის პარლამენტში ყოფნა გაიკვირვა. „რა, თოფაძე დღემდე პარლამენტშია?“,-იკითხა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები