ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. ნატოს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეს თინათინ ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართავს შეხვედრას. დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი გახსნის.
თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში, ორმხრივ ფორმატში, უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება.
„მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის, იმიტომ რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ტარდება თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში. როგორც გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზეც აღნიშნა, თავდაცვის მინისტერიალი დასრულდება, სწორედ, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ინიციატივებს, რომლითაც ბრიუსელში ჩამოვედით, ერთობლივად მოიწონებს და მხარს დაუჭერს 28 სახელმწიფო. გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა ჩემს კოლეგებთან – ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებთან და გვაქვს შეხვედრა გენერალურ მდივანთან ყველა იმ პრაქტიკული წინადადებების მოსამზადებლად, რომელზე მუშაობასაც ხვალინდელი კომისიის შემდეგ გეგმავს საქართველო,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.