თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, თედო ჯაფარიძემ ბულგარეთში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია მიმდინარეობდა თემაზე:
“ევროპის თანამშრომლობასა და ერთიანობაზე დაფუძნებული დემოკრატიული უსაფრთხოება”.
აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატანი-დრაგონი, ბულგარეთის სახალხო კრების სპიკერი – ცეცკა ცაჩევა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი მინისტრი და ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დანიელ მიტოვი, ბულგარეთის ვიცე- პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი რუმიანა ბაჩვაროვა და სხვა გამოჩენილი პოლიტიკოსები.
კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ევროპის უსაფრთხოება, მიგრაციული კრიზისი – როგორც ევროპული საზოგადოების წევრი ქვეყნების თანამედროვე გამოწვევა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ეკონომიკური პრობლემები.
თედო ჯაფარიძემ თავის გამოსვლაში 2008 წლის ომის შემდგომ უსაფრთხოების პოლიტიკის შეცვლილ კონტექსტზე გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, ევროპის ვერც ერთი ქვეყანა თავს მშვიდად ვერ იგრძნობს მაშინ, როცა მის მეზობელ ქვეყნებში სერიოზული პრობლემებია.
“საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უსაფრთხოების სურვილით და იმ მისწრაფებებით არის განპირობებული, რომელიც ავტორიტეტული საერთაშირისო სტრუქტურების დახმარებით, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობის საშუალებას მისცემს”, – აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ თედო ჯაფარიძის გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მხრიდან მომავალში საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა კონფერენციის როლსა და მის შესაძლებლობაზე, რომელიც უსაფრთხო და დემოკრატიული ევროპის მშენებლობაზე მსჯელობის საშუალებას იძლევა. მისი თქმით, ევროპა ეძებს პასუხებს არსებული გამოწვევების გასამკლავებლად.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ მიტოვმა აღნიშნა, რომ ევროპის ყველა ქვეყანას ურთიერთმხარდაჭერა და ეროვნულ ინტერესებსა და საერთო ევროპული ღირებულებების დაცვაში სწორი ბალანსის პოვნა სჭირდება.
როგორც პარლამენტში აცხადებენ, ყველა ის საკითხი, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქში განიხილეს, შემდგომში სახელმწიფოს მეთაურებს და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებს წარედგინება. ამ მხრივ, სოფიაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს პოტენციალსა და მის საპარლამენტო ასამბლეას.
“ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების გამოცდილება ინსტიტუციონალური დემოკრატიის მყარი საფუძვლების მშენებლობისთვის. მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელიც ამჟამად მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, არ არსებობს ისეთი მდიდარი გამოცდილება, როგორიც აქვს ევროპას. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ რეკომენდაციები, რომლებიც ღირსეული, ძლიერი, უსაფრთხო და დემოკრატიულად განვითარებული სახელმწიფოს შექმნაში დაგვეხმარება”, -განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო და მისი საპარლამენტო ასამბლეა, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, არ უნდა იყოს საქართველოს შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების ადგილი.
“ჩვენი ურთიერთობა ამ სტრუქტურებთან მიზნად უნდა ისახავდეს მათ ჩართულობას ქვეყანაში საერთო ევროპული ღირებულებების განვითარებასა და გაძლიერებაში”, – აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის პოზიციას მხარი დაუჭირა პედრო აგრამუნტმა, ასევე, ბულგარეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯემი გროჟდანოვამ და ეროვნული დელეგაციების სხვა თავმჯდომარეებმა, მათ შორის უკრაინიდანაც.
პარლამენტის განცხადებით, თედო ჯაფარიძემ ორმხრივი შეხვედრები უკრაინის, რუმინეთის, სომხეთის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრებზე გადაწყდა, რომ ჩატარდეს საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების შეხვედრა, სადაც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთო წინადადებებს შეიმუშავებენ. ასევე, შედგა წინასწარი შეთანხმება, რომ საქართველოში უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებს შორის, ერთობლივი კონსულტაციები გაიმართება. ჩატარდება საქართველოსა და სომხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა. თედო ჯაფარიძემ თბილისში ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსი, ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და დეპუტატი კარლ შვარცენბერგი მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები