თინა ხიდაშელი ხორვატ კოლეგას შეხვდა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ხორვატ კოლეგას, იოზიფ ბულიევიჩს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ხორვატიის მხარის მეტად ჩართულობაზე.
ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა და მზაობა გამოხატა, კიდევ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ამ მიმართულებით.
კოლეგები საუბრისას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსაც შეეხნენ. თინათინ ხიდაშელმა კოლეგა მაისის ბოლოს თბილისში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად მოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მონაწილეობით მინისტერიალი იმართება.
მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ბელგიის სამეფოში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი. ნატოს შტაბ-ბინაში უწყების ხელმძღვანელი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები