გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკომისარს ენერგოგაერთიანების საკითხებში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესახებ ესაუბრა.
“მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების მისწრაფებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია და აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონული ლიდერი განახლებადი ენერგიის წარმოების მხრივ.
პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, რომლებიც ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და რეგიონის სტაბილურობას ისახავს მიზნად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკომისართან შეხვედრით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა.