ეკა ბესელია: არცერთ ევროპელ პარტნიორ ქვეყანას არ უთქვამს, რომ საქართველომ დასავლურ გზას გადაუხვია
არცერთ ევროპულ სტრუქტურას და ჩვენს არცერთ ევროპელ პარტნიორ ქვეყანას არ უთქვამს, რომ საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის მოსაზრებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ზეწოლის პირობებში საქართველომ შესაძლოა, სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს.
ბესელიამ აღნიშნა, რომ საქართველოში გატარებულ რეფორმებს აშშ და სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებენ და მხარს უჭერენ.
“არასოდეს, არცერთ ევროპულ სტრუქტურას და ჩვენს არცერთ ევროპელ მეგობარ, პარტნიორ ქვეყანას არ უთქვამს, რომ საქართველომ გადაუხვია გზას. საქართველოს ყველა ჩვენი ევროპელი თუ დასავლელი პარტნიორი, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ აძლევს ძალიან ღია და მკაფიო, მაღალ შეფასებას, რეფორმებს უჭერს მხრს და არავის ამ მხრივ კითხვები არ უჩნდება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის აზრით, საქართველომ რუსეთის ზეწოლის პირობებში შესაძლოა, სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. ამის შესახებ კლაპერი ყოველწლიურ მოხსენებაში საუბრობს.
“მაშინაც კი, როდესაც საქართველო რეფორმებით პროგრესს განიცდის, მისი პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე მერყევი იქნება.
ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება 2016 წლის არჩევნებამდე. საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად, ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის თბილისზე ზეწოლას იმისათვის, რომ ევროკავშირთან და ნატოსთან კავშირები შეწყვიტოს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.