კახა კალაძე: ვმუშაობთ, რომ საქართველოს მასშტაბით ტარიფები გავათანაბროთ

ვმუშაობთ, რომ ტარიფები საქართველოს მასშტაბით გავათანაბროთ და ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ერთნაირი ტარიფები ჰქონდეს, – ამის შესახებ ვიცე – პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ გურჯაანში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამით იგი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თელავში ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება და 1-ლი აპრილიდან მომხმარებელს 1 კუბურ მეტრზე 48 თეთრის ნაცვლად, 59 თეთრის გადახდა მოუწევს.
როგორც კალაძემ განმარტა, ეს არის წინა ხელისუფლების დროს მიღებული გადაწყვეტილება, სოციალური სეგმენტის ნაწილობრივ დერეგულირება.
“ეს, მიზანმიმართულად, წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა, რომ გაზიფიცირების სამუშაოები წახალისებულიყო, განსაკუთრებით რეგიონებისთვის, რომ არა მხოლოდ “სოკარს” და სახელმწიფოს ეწარმოებინათ სამუშაოები, არამედ კერძო კომპანიებს, ვისაც სურვილი ექნებოდა. ზუსტად ეს მაგალითი გვაქვს დღეს სახეზე. სახელმწიფო და ვერც მარეგულირებელი კომისია ვერ ჩაერევა, რადგან ეს არის დერეგულირებული სეგმენტი”, -განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ზოგადად, ეს პრობლემა არა მარტო კახეთს უდგას, არამედ სხვა რეგიონებს, მათ შორის თბილისსაც.
“მაგალითად, მუხიანის დასახლებაში არის 2 ლიცენზიანტი კომპანია და აბონენტების ერთ ნაწილს აქვს უფრო დაბალი ფასი, მეორე ნაწილს – უფრო მაღალი. მე ვფიქრობ, ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. ვმუშაობთ იმაზე, რომ ტარიფები გავათანაბროთ მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ერთნაირი ტარიფები და არა განსხვავებული”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები