„თუ ასე ახლოს ხარ პრემიერთან და გინდა რაღაც აბსტრაქტულ თემაზე საუბარი, მიდი და სახლში ელაპარაკე“

ფრაქცია “მრეწველების“ ხელმძღვანელმა გოგი თოფაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, გიორგი გაჩეჩილაძისა და პრემიერ კვირიკაშვილის კანცელარიაში შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აბსტრაქტულ თემებზე სასაუბროდ მეგობრები პრემიერს სახლში უნდა ესტუმრონ და აჟიოტაჟის დროს ვიღაცას არ უნდა მისცენ საბაბი, რომ რაღაცები დააბრალონ.
„გაჩეჩილაძე და ჩვენი დღევანდელი პრემიერი ახლოს არიან ერთმანეთთან. ისინი ერთად იყვნენ პარლამენტში, როცა „ახალი მემარჯვენეები“ მოვიდნენ, კარგი ურთიერთობა აქვთ. მე „მაესტროს“ ჩახლართულ ამბებში კარგად არ ვარ ჩახედული. ერთი რამ ვიცი, კახი ასათიანმა ჩამოაყალიბა ეს არხი, ვიცი, რომ მაკა ასათიანი ძალიან აქტიურობდა და „მაესტროში“ მან და მისმა მეუღლემ სერიოზული ინვესტიციები ჩადეს. ამ საკითხში კარგად ჩახედული არ ვარ და დეტალურად ვერ ვილაპარაკებ.
რაც შეეხება პრემიერის და გია გაჩეჩილაძის შეხვედრას, მე არ ვიცი, პრემიერს ის კვირაში ორჯერ ხვდება თუ სამჯერ, მაგრამ თუ შენ ასე ახლოს ხარ და გინდა რაღაც აბსტრაქტულ თემაზე საუბარი, მიდი და სახლში ელაპარაკე. პრემიერთან ასე არ უნდა მიხვიდე და აჟიოტაჟის დროს ვიღაცას არ უნდა მისცე საბაბი, რომ რაღაცები დაგაბრალონ“, – აღნიშნა თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები