საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ვალერიუ შტეფან ზგონეას შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და საქართველოსათვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების აუცილებლობა.
რუმინეთი აგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის ფარგლებში. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მხარდაჭერის აუცილებლობაზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კურსზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
რუმინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის მიმართ. შეხვედრას ესწრებოდნენ: უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები