„პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატი პარლამენტთან უნდა შეათანხმოს“

„2030-ის“ წევრმა, ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შერჩევის პროცესსა და კანდიდატებზე ისაუბრა.
დუნდუას განცხადებით, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე კანდიდატების დასახელებამდე კონსულტაციებს საზოგადოებასთან გადის, თუმცა მიიჩნევს, რომ მარგველაშვილმა კონსულტაციები, პირველ რიგში, პარლამენტთან და მმართველ გუნდთან უნდა გაიაროს.
„კანდიდატები უნდა შეთანხმდეს იმ პირებთან, ვინც უნდა აიღოს მათზე პასუხისმგებლობა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატებზე, პრეზიდენტზე და საბჭოს წევრებზე პასუხისმგებლობას 2 ინსტიტუტი იღებს, პირველი, საქართველოს პრეზიდენტი, ვინც წარადგენს ამ კანდიდატს და პარლამენტი. შესაბამისად, კანდიდატების შერჩევა პარლამენტთან ერთად უნდა მოხდეს“,- განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
რაც შეეხება კანდიდატებს, ეკონომისტის თქმით, ის არ იცნობს იმ ადამიანების პროგრამებს, ვინც წარდგენილნი არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პოსტზე.
დუნდუას თქმით, პირველ რიგში, მათ უნდა წარმოადგინონ პროგრამა და ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეროვნული ბანკის პოლიტიკა.
„ამ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც არიან წარდგენილნი, ვერაფერს ვიტყვი, რადგან არცერთი მათგანის პროგრამას და პლატფორმას არ ვიცნობ. არსად არ გაჟღერებულა, როგორია ამ კანდიდატების სტრატეგია, ხედვა. ძალიან კარგია, რომ მათ პატივსაცემი გამოცდილება გააჩნიათ, მაგრამ ადამიანებს უპირატესობა მათი პროგრამების და ხედვის მიხედვით უნდა მიენიჭოს. მხოლოდ მათი პროფესიული გამოცდილება საკმარისი არ არის. საჭიროა ვიცოდეთ, რის გაკეთებას გეგმავენ ისინი. რითი განსხვავდება მათი პროგრამები ერთმანეთისგან. აუცილებელია, რომ თავად პრეზიდენტის გუნდს ჰქონდეს ხედვა, თუ როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს ეროვნულმა ბანკმა“, – განაცხადა დუნდუამ.
დუნდუას განცხადებით, თუკი კანდიდატს არა აქვს პროგრამა და სტრატეგია, არ იცნობს პარლამენტი და მასთან არ არის შეთანხმებული კანდიდატი, მას მხარი არ უნდა დაუჭიროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები