მიხეილ ჯანელიძე შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს სამუშაო ვიზიტით შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე საქართველო-შვედეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში მიმდინარე პროცესები და საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი რეგიონული და გლობალური აქტუალური საკითხები განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველო-შვედეთს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ შვედეთის საქმიანი წრეების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში შვედური ინვესტიციების მოზიდვას.
მინისტრმა ჯანელიძემ მადლიერება გამოხატა შვედეთის მთავრობის მიმართ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსთვის შვედეთის ახალ სტრატეგიას 2014-2020 წლებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გაძლიერებას. მარგოტ ვალსტრომმა დაადასტურა, რომ შვედეთი შემდგომშიც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ თანაავტორი ქვეყანა, აქტიურად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების რეალიზაციას. შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გვირგვინით შეამკო საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები