შსს-ს საპატრულო პოლიციას INL-მა უახლესი მოდელის ბორტკომპიუტერები გადასცა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს ვოლშს შეხვდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები და შს სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მჭიდრო ურთიერთობას.
გიორგი მღებრიშვილმა და ჯეიმს ვოლშმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შს მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან, ტრეფიკინგთან, კიბერდანაშაულთან და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით INL-ის განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე უწყების მიერ ინიცირებულ საგზაო მოძრობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან პროგრამაზეც ისაუბრეს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი, რიგ საკანონმდებლო და სხვა ცვლილებებთან ერთად, საპატრულო პოლიციის შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვაა. ჯეიმს ვოლშმა და იან კელიმ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს INL-ის პროგრამის მიერ შეძენილი ბორტკომპიუტერები პირადად გადასცეს. საპატრულო პოლიციის ავტომანქანების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა მნიშვნელოვნად გაზრდის საპატრულო პოლიციის მუშაობის ეფექტურობას, ხელს შეუწყობს სამართალდარღვევებზე დროულ რეაგირებას და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას.