ათენში გარდაცვლილი ელისო ვარდანიძის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო უზრუნველყოფს

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ელისო ვარდანიძის ცხედარს სამშობლოში 10-11 თებერვალს გადმოასვენებენ.
გადმოსვენების ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.
როგორც „კვირას“ გარდაცვლილის მამამ, მამია ვარდანიძემ განუცხადა, სახელმწიფოს დახმარების გარეშე მათ ოჯახს შვილის გადმოსვენებისთვის არანაირი ფინანსური საშუალება არ ჰქონდა.
„დიდი მადლობა მინდა გადავცე ყველას, ვინც მეხმარება, შვილი ათენიდან საქართველოში გადმოვასვენო და მშობლიურ მიწას მივაბარო. მე ამის არანაირი საშუალება არ მქონდა. ყველამ გულთან მიიტანა ჩემი გაჭირვება. 53 წლის კაცი ვარ, თავადაც, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. ჩემი ოჯახის წევრები თავის დროზე საზღვარგარეთ იმიტომ წავიდნენ, რომ ფინანსურად გაგვიჭირდა. 1981 წელს კიდევ ერთი შვილი ოპერაციის შემდეგ გარდამეცვალა, 2016 წლის 12 იანვარს ძმისშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მომიკვდა და ახლა 5 თებერვალს – მეორე შვილი. ასეთი გაჭირვება გადავიტანე. მადლობის მეტი რა მეთქმის, ისიც არ ვიცი, მადლიერება როგორ გამოვხატო – ყველას ვუხდი მადლობას, ვინც ჩემს გაჭირვებაში რაიმე სახით დახმარება გამიწია“, – განუცხადა „კვირას“ გარდაცვლილი 34 წლის ელისო ვარდანიძის მამამ, მამია ვარდანიძემ.
როგორც „კვირას“ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ზაალ სარაჯიშვილმა განუცხადა, ამჟამად, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხრიდან ადგილობრივი გადმოსვენების კომპანიასთან მიმდინარეობს ფორმალური და ტექნიკური დეტალების მოგვარება გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით.
„მიმდინარე წლის 5 თებერვალს საბერძნეთის რესპუბლიკაში, ათენის საავადმყოფოში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ელისო ვარდანიძის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „კვირას“ მიერ მომზადებული სტატიის მეშვეობით გავეცანით, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაუკავშირდნენ ათენში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლები და მოგვაწოდეს ინფორმაცია.
ინფორმაციის მიღებისთანავე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ინტენსიურად დაიწყო მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საბერძნეთში საქართველოს საელჩოსთან და დიასპორის წარმომადგენლებთან, გარდაცვლილის სამშობლოში დროულად გადმოსვენებისა და ოჯახის წევრების საქართველოში გამომგზავრების უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა გარდაცვლილის მშობლებთან როგორც ათენში, ასევე საქართველოში. ოჯახს უკვე ჰქონდა მიმართული საბერძნეთში საქართველოს საელჩოსთვის, რომელთა მხრიდანაც მყისიერად ჩატარდა კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა, მათ შორის ოჯახის წევრების საქართველოში გამოსამგზავრებელი ფორმალობები.
ამის გარდა, პროცესში ჩართულები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. გარდაცვლილის ოჯახის უკიდურესად შეჭირვებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გადმოსვენების ხარჯების სახელმწიფოს მიერ დაფინანსების შესახებ. ამჟამად, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხრიდან ადგილობრივი გადმოსვენების კომპანიასთან, მიმდინარეობს ფორმალური და ტექნიკური დეტალების მოგვარება გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით. ჩვენი თანამემამულის ელისო ვარდანიძის გადმოსვენება საქართველოში 2016 წლის 10-11 თებერვალს მოხდება“, – განუცხადა „კვირას“ ზაალ სარაჯიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე, 34 წლის ელისო ვარდანიძე გარდაიცვალა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ელისო ვარდანიძე გრიპის ვირუსის გართულებული ფორმით გუშინ საღამოს ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გრიპის ვირუსმა პნევმონია გამოიწვია. ელისო ვარდანიძე წარმოშობით ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხიდან არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები