თამაზ მეჭიაური ლარის კურსზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აკისრებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ლარის კურსზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აკისრებს.
როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა ჯერ პრეზიდენტის ვეტოს გამო ვერ განხორციელდა, ვეტოს დაძლევის შემდეგ კი მისი მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა.
მეჭიაურის თქმით, როცა საქმიანობა შეუჩერეს სააგენტოს, მათ როგორც გადაწყვეტილების მიღებაზე, ისე ამ გადაწყვეტილების შესრულების კონტროლზეც მხოლოდ ერთ პიროვნებას დაუტოვეს წვდომა.
„ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა შეჩერდა. მას ჯერ ვეტო დაადო პრეზიდენტმა. დავძლიეთ ეს ვეტო, რის შემდეგაც რამდენიმე დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და საკონსტიტუციო სასამართლომ ამ სააგენტოს საქმიანობა შეაჩერა, რასაც პრეზიდენტი გამოეხმაურა და ეს ქმედება დადებითად შეაფასა.
ეს ჩარევის ელემენტებს შეიცავდა, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მართალია შეაჩერა სააგენტოს საქმიანობა, მაგრამ განხილვა ჯერ წინ იყო და განხილვამდე არ იყო სწორი, პრეზიდენტს თავის პოზიციები დაეფიქსირებინა.
ამის შემდეგ მე მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის პრეზიდენტზე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე გადავიტანე და მათ დავაკისრე. თუ რაიმე განცდა ექნება ვინმეს იმისა, რომ გარდა საგარეო ფაქტორებისა არის შიდა ფაქტორებიც, ამაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. ოპოზიცია განსაკუთრებით აპელირებს ხოლმე შიდა ფაქტორებზე და ცდილობს, მთელი პასუხისმგებლობა მთავრობაზე გადაიტანოს. ამ სააგენტოს მეშვეობით მოხდებოდა კონტროლი ყველა იმ ქმედებებისა, რასაც ეროვნული ბანკი სჩადიოდა. რატომ არ უნდოდათ ეს, როდესაც ამ სააგენტოში შედიოდნენ მთავრობის მიერ წარდგენილი პირები, პარლამენტის მიერ დამტკიცებული, სხვადასხვა ასოციაციის მიერ რეკომენდებული პირები, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრი, მათ შორის პრეზიდენტი.
როცა საქმიანობას უჩერებენ სააგენტოს, ისინი მხოლოდ ერთ პიროვნებას უტოვებენ ყველაფერზე წვდომას. გადაწყვეტილების მიღებაზეც და ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლსაც მას უტოვებენ, ვის უნდა დავაკისროთ შემდეგ ლარის კურსზე პასუხისმგებლობა, თუ შიდა ფაქტორები არსებობს? ეს პასუხისმგებლობა ქვეყნის პრეზიდენტს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ეკისრება“, – აღნიშნა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები