გიორგი კვირიკაშვილი „გაზპრომზე“: ეს საკითხი ამოწურულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან, ასევე, კომპანია “სოკართან” და სტრატეგიულ ურთიერთობებს არაფერი არ ემუქრება.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, “გაზპრომის” საკითხი ამოწურულია და პლატფორმა “დაიცავი თავისუფლებასთან” შეხვედრის ფორმატში ამ თემის გაგრძელების საფუძველი არ არსებობს.
“მე ვხვდები არასამთავრობო სექტორის ძალიან ბევრ წარმომადგენელს და მაქვს გარკვეული განრიგი. არ ვიცი, კონკრეტულად რას ეხება.
“გაზპრომის” თემას თუ ეხება, მე არ მაქვს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს თემა და ამ ფორმატში განხილვა გავაგრძელო. მე მგონია, რომ ეს საკითხი ამოწურულია, იმიტომ რომ არანაირ სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის. წმინდა ტექნიკური ხასიათის პრობლემების აღმოფხვრაზე იყო საუბარი და მე მგონია, რომ სრულიად უსაფუძვლოა ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პლატფორმა “დაიცავი თავისუფლება”, კომპანია “გაზპრომთან“ საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. პლატფორმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და “გაზპრომთან“ მოლაპარაკებებზე სასაუბროდ მასთან შეხვედრას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები