ბაია გადაბაძე: ირაკლი რუხაძე მაკა ასათიანს გარიგებას სთავაზობდა და 7 მილიონ-ნახევარ დოლარს იხდიდა
“მაესტროს“ დირექტორის ბაია გადაბაძის განცხადებით, “იმედის” ფაქტობრივი მმართველი ირაკლი რუხაძე “მაესტროს” ხელში ჩასაგდებად კოტე გოგელიას ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაუკავშირდა.
როგორც ბაია გადაბაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუხაძემ კოტე გოგელიას 2015 წლის 29 მაისს მისწერა. მისი თქმით, რუხაძე სთავაზობდა მაკა ასათიანს გარიგებას და 7 მილიონ-ნახევარ დოლარს იხდიდა. გადაბაძემ პრესკონფერენციაზე დოკუმენტაცია წარმოადგინა, კერძოდ, კოტე გოგელიასთან მიმოწერა, რომლის მიხედვითაც, ბაია გადაბაძის თქმით, რუხაძეს 7 მილიონ-ნახევარ დოლარად სურდა “მაესტროს” შინაარსის, მათ შორის ლიცენზიებისა და სიხშირეების მოპოვება.
“რუხაძე სთავაზობდა მაკა ასათიანს გარიგებას და იხდიდა 7 მილიონ-ნახევარ დოლარს. კერძოდ, მას აინტერესებდა არა კომპანიის წილები, არამედ ბრენდი “მაესტრო”, ასევე ლიცენზიები და სიხშირეები. იგი ამ თანხას იხდიდა შინაარსში და არა მატერიალურ ღირებულებებში”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.
ბაია გადაბაძის განმარტებით, მაკა ასათიანმა გარიგებაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან ითვალისწინებდა პარტნიორების ინტერესებს. კიდევ ერთი მიმოწერა, რომელსაც ბაია გადაბაძე ასაჯაროებს, 2016 წლის 15 იანვრით თარიღდება. მისი თქმით, ეს წერილი მაშინ ჯერ კიდევ პარტნიორებმა – ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ გაუგზავნეს ყველა სხვა დანარჩენ პარტნიორს, მათ შორის, მამუკა ღლონტს, ეკა აკობიას, მაკა ასათიანს, სადაც აღნიშნულია, რომ გეგმავენ წილის გასხვისებას მესამე პირზე.
„რადგან უპირატესი შესყიდვის უფლება გაქვთ თქვენ, გთავაზობთ, რომ 2.5 მილიონად იყიდოთ ჩვენი წილი და ეს ყველაფერი გადაგვიხადეთ სამ დღეშიო. წესდების თანახმად, თუ მესამე პირი არ ყიდულობს წილს, არ არის საჭირო ასეთი შეთავაზება, აქედან დასტურდება, რომ ისინი ირაკლი რუხაძეზე ყიდდნენ მაშინ წილს და არა გია გაჩეჩილაძეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეთავაზება საჭირო არ იყო. როდესაც ვითარება გართულდა და მიხვდნენ, რომ ირაკლი რუხაძის გამოჩენა არ იყო მათთვის სასარგებლო, ეს წილი იყიდა გია გაჩეჩილაჩემ,“ – აცხადებს ბაია გადაბაძე.