დავით უსუფაშვილი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ვალერიუ შტეფან ზგონეას შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, დავით უსუფაშვილმა და ვალერიუ შტეფან ზგოენეამ საქართველოს პარლამენტსა და რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს პარლამენტისა და რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებმა პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველოსა და რუმინეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
„ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველოს და რუმინეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობას და თანამშრომლობას რუმინელ და ქართველ პარლამენტარებს შორის, კომიტეტებს შორის საპარლამენტო დონეზე, პოლიტიკოსებს შორის როგორც ორმხრივ ურთიერთობებში ისე საერთაშორისო ინსტიტუტებში, ჩვენი დელეგაციების თანამშრომლობის თვალსაზრისით.
მოგეხსენებათ, რუმინეთი იყო და რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პარტნიორად ევროინტეგრაციის სფეროში. რუმინეთი იყო ჩვენი მხარდამჭერი ასოცირების შეთანხმების გაფორმებაში ევროკავშირთან. რუმინეთი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ წარმატებით დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესი და სულ რამოდენიმე თვეში, ჩვენ, ჩვენმა მოქალაქეებმა, შევძლოთ ევროპაში, როგორც საკუთარ სახლში მგზავრობა, ყოფნა და გავხდეთ ერთიანი, დიდი ოჯახის წევრები.
რუმინეთი აგრძელებს ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოსთან, საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის ფარგლებში და არის ერთ-ერთი ლიდერი ამ თვალსაზრისით. ჩვენ ვიღებთ ძალიან ბევრ საჭირო რეკომენდაციას და რჩევას და ამას ჩვენ ვაფასებთ“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო მზადაა, ბევრი მიმართულებით, რუმინეთის თანასწორი პარტნიორი იყოს.
„ჩვენ, დღეს, შეხვედრის დროს, განვაცხადეთ ისიც, რომ საქართველო მზად არის, იყოს არა მხოლოდ დახმარების მიმღები, არამედ იყოს თანასწორი პარტნიორი ძალიან ბევრი მიმართულებით. კერძოდ, სრულიად აშკარაა, რომ საქართველოს და რუმინეთს შეუძლიათ, გადამწყვეტი როლი ითამაშონ პარტნიორული ურთიერთობების წყალობით, ევროპის და შავი ზღვის აზიის დამაკავშირებელ ხიდად გადაქცევისთვის. ამის თაობაზე ჩვენ გვაქვს და გვექნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ინიციატორები ძალიან ბევრი პროექტის, რომელიც მოიცავს მთელ ევროპას და მთელ აზიას. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობები ამისთვის, არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ ინსტიტუციონალიზებული თანამშრომლობა მთავრობებს, პარლამენტებს და ჩვენს ქვეყნებს შორის“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას საზოგადო მოღვაწე ანთიმოზ ივერიელი აერთიანებს, რაც კულტურისა და სოციალურ სფეროში კიდევ უფრო ურთიერთობების გაღრმავების საფუძველია.
„არანაკლებ მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაღრმავება კულტურის, სოციალური ურთიერთობების სფეროში და ამ თვალსაზრისით, ჩვენ – ორივე ქვეყანას გვაქვს ძალიან დიდი პრივილეგია, ვინაიდან ჩვენ გვაერთიანებს ისეთი მოღვაწე, როგორიც არის ანთიმოზ ივერიელი, რომლის წლად არის გამოცხადებული მიმდინარე წელი რუმინეთში და რომლის თაობაზე, ჩვენ, საქართველოში, ასევე გვაქვს ბევრი ღონისძიება დაგეგმილი და ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენს ურთიერთობებში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ვალერიუ შტეფან ზგონეას განცხადებით, დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი საქართველოსა და რუმინეთის პარლამენტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საფუძველია.
„ეს არის შეთანხმება, ეს იყო საგზაო რუკა თქვენი მისწრაფებებისთვის, ჩვენც გვქონდა 90-იანი წლების ბოლოს იგივე მისწრაფებები ნატოსკენ, ევროკავშირისკენ. ყველა ინსტრუმენტს ვიყენებდით, დავუშვით გარკვეული შეცდომები და, საბოლოო ჯამში, განვახორციელეთ ეს იდეა და გავხდით ნატოს და ევროკავშირის წევრები. ეს მემორანდუმი ითვალისწინებს ნოუ ჰაუს გადმოცემას, ჩვენი პარლამენტის გამოცდილების გაზიარებას, თუ როგორ უნდა განახორციელოთ პრაქტიკაში ევროკავშირთან ასოცირების და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებები საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ. საქართველოს მოსახლეობას სურს უკეთ ცხოვრება და პარლამენტარები იღწვიან იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ უკეთესი ცხოვრება, კეთილდღეობა, უკეთესი განათლების სისტემა ბავშვებისთვის, უკეთესი ჯანდაცვის სისტემა, უკეთ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ჩვენ მზად ვართ სამომავლო მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც წინა წლებში, რომ რეგიონი იყოს მყარი, დაახლოვდეთ ევროკავშირთან, ნატოსთან. თუ არ იქნება უსაფრთხოება, რა საკვირველია, კეთილდღეობაც ვერ იქნება. ეს ორი რამ ურთიერთკავშირშია და ამ შემთხვევაში, ყველა ასპექტში, რუმინეთის პარლამენტს აქვს ეს მიზანი, რომ დაგეხმაროთ, დაუახლოვდეთ ევროკავშირს, რომ გვქოდეს თავისუფალი ბაზარი, სამუშაო ადგილები, თქვენი შვილების განათლების უზრუნველყოფის საშუალება, ჯანდაცვის სისტემა და ნათელი მომავალი. ვფიქრობ, რომ საქართველო და რუმინეთი არიან თანასწორი პარტნიორები, თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი მეგობრებისგან, შექმნათ სტრატეგია სამომავლო წლებისთვის, სამომავლო 4 წლისთვის და 4 წლის შემდეგ, საქართველოს უკვე ჰქონდეს „საგზაო რუკა“ ევროკავშირისთვის და უსაფრთხოების ქოლგა“,-განაცხადა რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპელებს ესმოდეთ, რომ საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებთან დასაახლოებლად მყარი მხარდაჭერა სჭირდება.
„შავი ზღვა ჩვენი გამაერთიანებელია და არა გამყოფი და მნიშვნელოვანია, ევროპელებს ესმოდეთ, რომ რუმინეთი იქნება საქართველოს ისეთი მყარი მხარდამჭერი, როგორც ადრე. საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა, რომ ჰქონდეს კარგი ეკონომიკა, კარგი ეკონომიკა ნიშნავს ბევრ ინვესტორს და ბევრი ინვესტორი კი ნიშნავს, რომ თქვენ დაუახლოვდებით ევროკავშირის ღირებულებებს და თქვენს მოქალაქეებს კარგი მომავალი ექნებათ. მოხარული ვარ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრი მოდის ბრიუსელში. იმედია, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, კარგი ახალი ამბები იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოქალაქეებისთვის, თქვენი ქვეყნებისთვის და ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ბრიუსელიდან, რომ აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკა, პარტნიორობის პოლიტიკა, ეს არ არის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი, მას აქვს კონკრეტული ნაბიჯები, თუ როგორ დაგეხმაროთ“,- აღნიშნა ვალერიუ შტეფან ზგონეამ.
რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილს საქართველოს პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის მზაობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდით ბატონ სპიკერს იმ სტრატეგიისთვის, რაც საქართველოს პარლამენტს აქვს, იმ მზაობისთვის, რაც არის ამ პერიოდის განმავლობაში, იმ მესიჯისთვის, რომ საქართველოს, ქართველებს აქვთ სრული მზაობა ევროკავშირისკენ მისწრაფების მხრივ. საქართველო არის პრიორიტეტული და ევროპარლამენტის მესიჯი, ვფიქრობ, ძალიან კარგი იყო თქვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, მხრივ იყოს ძალისხმევა, მზაობა და მოხდეს პრაქტიკულად განხორცილებეა ძალიან მნიშვნელოვანია,შეიქმნას თავისუფალი გარემო ბიზნესისთვის, რომ მეტი ინვესტორი ჩამოვიდეს სხვადასხვა ქვეყნიდან“,- განაცხადა ვალერიუ შტეფან ზგონეამ ერთობლივ ბრიფინგზე.
დავით უსუფაშვილისა და ვალერიუ შტეფან ზგონეას შეხვედრას ქართული მხრიდან რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, პაატა ბარათაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.
რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე საქართველოს გუშინ ეწვია. ვალერიუ შტეფან ზგონეა ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება, ხოლო ხვალ შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან, ილია მეორესთან გამართავს.
ცნობისთვის, რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი 9 თებერვალს დასრულდება.