ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ტაივანის სამხრეთ ნაწილში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი და 150-ზე მეტი დაშავებულია. დაღუპულთა შორის 10 წლის ბავშვია.
ტაივანის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ ტაინანში, სადაც 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, ვინაიდან ნანგრევებში ხალხი მოყვა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჩამონგრეული 17–სართულიანი სახლიდან 123 ადამიანი გადაარჩინეს. მთლიანად შენობაში 240 კაცი იმყოფებოდა. სულ მაშველებმა ნანგრევებიდან 220 ადამიანი ამოიყვანეს.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე მოხდა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ეძინა. საერთო ჯამში, 6 ძლიერი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა, რაც მის დამანგრეველ ძალას მნიშვნელოვნად ზრდის.