კახა კალაძე: „გაზპრომთან” შეთანხმება არ არის მიღწეული

“გაზპრომთან” შეთანხმება არ არის მიღწეული“, -ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ირწმუნება.
როგორც კალაძემ არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, “გაზპრომთან” მომავალი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
“მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ გარკვეული წლების განმავლობაში უკვე გვაქვს ურთიერთობები “გაზპრომთან”, ყოველწლიურად. ასევე, ელექტროენერგიის ყიდვის თვალსაზრისით და საკმაოდ კარგი და მეგობრული ურთიერთობებია ამ მიმართულებით. ეს არის ურთიერთობები, რომელსაც ჩემი წინამორბედი მინისტრები, გარკვეული სირთულის მიუხედავად, აშენებდნენ.
ნამდვილად არ ვაპირებ დღეს, ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, ეს ურთიერთობები ვიღაცების ან რაღაცების ხარჯზე დავანგრიო. ჩემი და სამინისტროს თითოეული თანამშრომლის პირადი ვალდებულება და მოვალეობაა, იმ მოთხოვნების უზრუნველყოფა, რომელიც საზოგადოებაშია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის თვალსაზრისით.
შეთანხმება ვერ არის მიღწეული და ამიტომ ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, მყარი შეხედულებები და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წამოვიღოთ მაქსიმალური შედეგი ისევ და ისევ ჩვენი ხალხისთვის, დარგის განვითარებისთვის.
რეალურად რომ შევხედოთ, დღეს ირანი სომხეთს ბუნებრივი აირის გარკვეულ მოცულობას აწვდის და სომხეთი მას ელექტროენერგიის სახით უბრუნებს.
დღეს არის შესაძლებლობა, რომ ამ მილში 800 მილიონი კუბური მეტრი გაზის დამატებითი მოცულობები გატარდეს. ეს მთლიანად ვერ დააკმაყოფილებს სომხეთის მოთხოვნას, რადგან 2 მილიარდ კუბურ მეტრზე ცოტა მეტი ბუნებრივი აირის გატარება ხდება დღეს საქართველოს გავლით. თუმცა მომდევნო წლების განმავლობაში, ინვესტიციების განხორციელების შედეგად, ამის შესაძლებლობა “გაზპრომს” ექნება. მაგრამ ეს კიდევ უფრო დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული და უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე დღეს არსებული ტრანზიტი”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები