ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრი რუსეთთან სამხედრო სფეროში შეთანხმების ჩაშლაზე საუბრობს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ტასოევმა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფი დატოვა.
ტასოევი შეთანხმების ხელმოწერის ვადების დარღვევაზე საუბრობს, რაშიც ის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ადანაშაულებს.
„კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, 4 თებერვალს გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, კონფლიქტი მოხდა და საქმე კინაღამ მუშტი-კრივამდე მივიდა. ამ თათბირს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ალან ჯიოევი ატარებდა.
როგორც გამოცემას შეხვედრის შემდეგ ტასოევმა განუცხადა, სამხედრო თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა 2015 წლის 31 იანვრისთვის იგეგმებოდა.
დიმიტრი ტასოევი ამბობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობამ დოკუმენტი დაგეგმილ დროში არ მოამზადა, რის გამოც ე.წ. პარლამენტში მისი განხილვა ჩაიშალა.
როგორც „კავკაზსკი უზელს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტში განუცადეს, ცხინვალსა და მოსკოვს შორის ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულების ფარგლებში სამხრეთ ოსეთის ჯარის ზოგიერთი ნაწილი რუსეთის შეიარაღებული ძალების იურისდიქციაში გადადის. სწორედ ამას ეხება დამატებითი შეთანხმება, რომლის განხილვა უკვე მესამედ გადაიდო. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობაში ამ საკითხზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები