გიორგი კვირიკაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, იოს დაუმას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაცია და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა იყო.
გიორგი კვირიკაშვილმა დიპლომატს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნიდერლანდების სამეფო, ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელების კუთხით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მხარეებმა ასევე ორი ქვეყნის საერთო პრიორიტეტებსა და თანამშრომლობის ინოვაციური განვითარების მიმართულებებზე ისაუბრეს. შეხვედრას ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე ფლორ ნაუტენ-ელზინგა დაესწრო.