გაერომ ჯულიან ასანჟისთვის თავისუფლების შეზღუდვა უკანონოდ აღიარა
„ვიკილიქსის“ დამფუძნებლისთვის, ჯულიან ასანჟისთვის თავისუფლების შეზღუდვა გაეროს სამუშაო ჯგუფმა უკანონოდ ჩათვალა. გაეროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ასანჟის თავისუფლება შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს.
ასანჟი უკვე მეოთხე წელია ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს, ვინაიდან გარეთ გამოსვლის შემთხვევაში მას ბრიტანეთის პოლიცია დააკავებს.
2014 წლის სექტემბერში მან გაეროს შესაბამის ჯგუფს დიდი ბრიტანეთის და შვედეთის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა. შვედეთის პროკურატურამ უკვე განაცხადა, რომ გაეროს ამ გადაწყვეტილებას ფორმალური მნიშვნელობა არა აქვს და ის გამოძიების მსვლელობაზე არ იმოქმედებს.
ჟულიან ასანჟი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „ვიკილიქსმა“ აშშ-ის სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების, მათ შორის პენტაგონის და სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო მიმოწერის საბუთები გამოაქვეყნა. ამის შემდეგ ასანჟის წინააღმდეგ დიდ ბრიტანეთსა და შვედეთში გამოძიება დაიწყო. ორი დღის წინ ასანჟმა განაცხადა, რომ თუ გაერო გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ არ მიიღებს, ის ეკვადორის საელჩოს შენობიდან გამოვა და დიდი ბრიტანეთის პოლიციას ჩაბარდება.