„მიუღებელია, რომ ტყე მართვისთვის შპს-ს, ანუ კერძო სამართლის სუბიექტს გადაეცეს“

მოძრაობა „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე ტყის კოდექსზე საუბრობს. როგორც ჩხობაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ტყის კოდექსი ჯერ მხოლოდ შიდა განხილვის დონეზეა, თუმცა მასში ასახული მთელი რიგი საკითხები „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრებისთვის“ მიუღებელია.
ჩხობაძე არ იზიარებს ტყის კოდექსში გაწერილ მართვის საკითხს, რომლის მიხედვითაც ტყე მართვისთვის შპს-ს, ანუ კერძო სამართლის სუბიექტს გადაეცეს.
„ტყის კოდექსი ჯერჯერობით შიდა განხილვების დონეზეა. მასზე ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენს მოძრაობას ძალიან გვიან მოგვეწოდა პროექტი. ვესწრებოდით შეხვედრას, სადაც განიხილეს ტყის მართვის საკითხი. ტყის კოდექსში მიუღებელია ის, რომ ტყე მართვისთვის შპს-ს, ანუ კერძო სამართლის სუბიექტს გადაეცეს. ჩვენ ვთვლით, რომ უნდა აღდგეს სატყეო მეურნეობები და ეს ძალიან კარგად არის გასაწერი“,- აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ მთავარი მოთხოვნაა, რომ ტყის კოდექსში უნდა იყოს ეკოსისტემური მიდგომა. მისი განმარტებით, არა მარტო ტყე, არამედ მთელი ეკოსისტემა უნდა იყოს განხილული და დაცული. ჩხობაძეს მნიშვნელოვნად მიაჩნია კოდექსში ვერტიკალური ზონირების შემოსვლა.
„ტყის კოდექსში ისევ არის, რომ 35 გრადუსამდე შესაძლებელია ჭრა, 35 გრადუსამდე დახრილობა შეიძლება იყოს მაღალ მთაშიც, მაგრამ მაღალ მთაში ჭრა აუცილებლად შეზღუდული უნდა იყოს, იმიტომ რომ იქ აღდგენის უნარი ტყეს უფრო ნაკლებად გააჩნია. თუ ჩვენ დღეს სადმე ტყის ეკოსისტემები დაგვრჩა, ეს სწორედაც, რომ მთაშია და ეს ქმნის სწორედ იმ კლიმატს, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიისთვის.
ტყის კოდექსში მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ ვიცავთ ტყეებს. ჩვენ დღეს ვაპირებთ, ამ საკითხზე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვდეთ და ეს კანონი უფრო დეტალურად გავიაროთ .
ჩვენთვის ცოტა გაუგებარია ჩანაწერი კერძო საკუთრების ტყეებთან დაკავშირებით, ვთვლით, რომ კერძო საკუთრების ტყეების ფორმა, რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს, ოღონდ იმ ტერიტორიებზე, რომელიც მართლა კერძო საკუთრებაა, თუმცა ისიც მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს“, – აღნიშნა ჩხობაძემ.
ჩხობაძის თქმით, ჩვენ შემოგვრჩა ბუნებრივი ტყეები, რომლის მართვის სისტემა აბსოლუტურად სხვანაირი უნდა იყოს და მიმართული იყოს ბუნებრივი ტყეების შენარჩუნებისკენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები