გოგი თოფაძე: პრეზიდენტის მიმართ ჩემი განცხადების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა

დეპუტატ გოგი თოფაძის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილება მოჰყვა, ამის შესახებ თოფაძემ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში, გადაცემა “პრიორიტეტში” ჩართვისას განაცხადა.
მისი განმარტებით, მას პირადად დაურეკა ბიძინა ივანიშვილმა და კორექტულად უსაყვედურა.
“ველაპარაკე ბატონ ბიძინას. ის ცოტა ნაწყენი იყო. ჩემი გამოსვლის შემდეგ დამირეკა. ცოტა მისაყვედურა, ნორმალურ ფარგლებში. მითხრა, რომ ასე მკვახედ არ უნდა გეთქვაო. მაგრამ მე ჩემი ბუნება მაქვს. ყველაფერს ვლაპარაკობ, რასაც ვფიქრობ. როცა ჩემი ქვეყნის, ჩემი ერის შეფასებას აკეთებს ვინმე, მე მას ყოველთვის მკაფიოდ გამოვეხმაურები.
ბიძინა ივანიშვილი თუ ვახსენე გამოსვლის დროს, მადლიერების გრძნობაზე იყო საუბარი. რომ არა ბიძინა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 100 ადგილი რომ ყოფილიყო პრეზიდენტის, ჩვენი პრეზიდენტი 99-ეც ვერ გახდებოდა. ეს სწორედ იმ კაცის დამსახურება იყო. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ უმადურობის გრძნობა არ უნდა ჰქონდეს”, – აღნიშნა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას გაკეთებული განცხადების გამო, სადაც ის პრეზიდენტს ქართველი ხალხის “დაუნებად” მოხსენიებაში ადანაშაულებდა, გოგი თოფაძემ ბოდიში უკვე მოიხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები