შვეიცარიის ბანკი აშშ-ის მთავრობას, გადასახადების დამალვის გამო, ჯარიმას გადაუხდის
შვეიცარიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი Julius Baer Group აშშ-ის მთავრობას, საგადასახადო მაქინაციების გამო, 547 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმას გადაუხდის. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ნიუ–იორკის შტატის პროკურორის განცხადებით, ბანკი არა მარტო თვალს ხუჭავდა კლიენტების მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე, არამედ ამერიკის მოქალაქეებს გადასახადებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა.
ბანკის წარმომადგენლებმა ეს დანაშაული უკვე აღიარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებენ. ჯარიმის დროული გადახდის შემთხვევაში აშშ-ის ხელისუფლება სამი წლის განმავლობაში ბანკის წინააღმდეგ ბრალდებებს მოხსნის. მანამდე აშშ-ის საგამოძიებო ორგანოებმა შვეიცარიის ორი სხვა ბანკის, UBS და Credit Suisse-ის მიმართ ასევე გამოძიება შეწყვიტეს. ამ ბანკებსაც საგადასახადო მაქინაციები ბრალდებოდათ და ორივე ფინანსურმა ორგანიზაციამ ჯარიმები გადაიხადა. ამჟამად გამოძიება ბრიტანული ბანკის – HSBC Holdings-ის შვეიცარიის განყოფილების წინააღმდეგაც მიმდინარეობს.