„თბილსერვის ჯგუფი“ კომპანიის თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე კომპანიის თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ ადმინისტრაცია კანონის წინაშე დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს.
„შპს „თბილსერვის ჯგუფი“, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
მოვუწოდებთ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობას და კომპანიის სახელს. ნუ შელახავენ „თბილსერვის ჯგუფის“ კეთილსინდისიერად მომუშავე თანამშრომელთა ღირსებასა და პატივს.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვებს კანონის წინაშე დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი მიხეილ მეთაფლიშვილი დააკავა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებას, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1500 ლარი“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.