ათენში გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
ათენში საყოველთაო გაფიცვის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, რადენიმე ათეულმა ახალგაზრდამ პოლიციას ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინა.
სამართლადამცველებმა საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და ხმაურის ხელყუმბარები გამოიყენეს.
გაფიცვაში ათენში 40 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო სალონიკში – 14 ათასი. აქციის გამო არ მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სკოლები, საბავშვო ბაღები და საავადმყოფოები, ასევე -მაღაზიები და ავტოგასამართი სადგურები.
საბერძნეთის კუნძულებს შორის საბორნე მიმოსვლა შეწყდა, გაუქმდა შიდა ავიარეისების დიდი ნაწილი. გაფიცვის მონაწილეები საბერძნეთში დაგეგმილ საპენსიო რეფორმას და გადასახადების ზრდას აპროტესტებენ. ამ პროგრამას საბერძნეთის ხელისუფლება ევროპელი კრედიტორების მოთხოვნით ახორციელებს.