თამაზ მეჭიაური: ალბათ სწორი იყო მარგველაშვილი, როცა ქართველ ერს ასეთ შეფასებას აძლევდა
ჩვენ თვითონ შევარჩიეთ ასეთი კაცი, რომელსაც შეეძლო თავის ერზე ასე ელაპარაკა, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა გიორგი მარგველაშვილის გასული წლების ნაშრომთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ნაშრომებს ადრე რომ გასცნობოდა, მისი გადაწყვეტილება არჩევნებზე სხვანაირი იქნებოდა.
როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის არ ყოფილა დაკავებული პრეზიდენტის ახალგაზრდობისდროინდელი ნაშრომების გაცნობით.
“თუ მის ახალგაზრდობისდროინდელ კვლევებზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ის იძლევა რაღაც მინიშნებების საფუძველს, მაგრამ ძალიან არ ჩავუღრმავდებოდი ახლა, რამდენადაც ეს ჯობდა, ადრე მომხდარიყო. მე პირადად არ ვიყავი მისი მეცნიერული ნაშრომების გაცნობით დაკავებული. რომ მქონოდა ეს ინფორმაცია, ჩემი გადაწყვეტილება აუცილებლად სხვა იქნებოდა, თუმცა, რაც მოხდა, უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ თვითონ შევარჩიეთ ასეთი კაცი, რომელსაც შეეძლო თავის ერზე ასე ელაპარაკა. დღევანდელი გადასახედიდან თუ გეტყვით, ალბათ სწორი იყო, როცა ასეთ შეფასებას აძლევდა ქართველ ერს. გამართლდა იმითი, რომ ის ხალხმა აირჩია”, – განაცხადა მეჭიაურმა.
როგორც ცნობილია, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი მმართველი გუნდის წევრმა გოგი თოფაძემ, მის მიერ ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილი მასალის გამო გააკრიტიკა. თოფაძის შეფასებით, მასში მარგველაშვილი ქართველ ხალხს “დაუნებად” მოიხსენიებს.