“თუ რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერორისტები არიან, ამას პანკისში შესასვლელად გამოიყენებს”
„თუ რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერორისტები არიან, ამას პანკისში შესასვლელად გამოიყენებს“, – ასე ეხმაურება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი და წარსულში რადიო “თავისუფლების” ერთ-ერთ ხელმძღვანელი დონალდ ჯენსენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას, სადაც სერგეი ლავროვმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების პანკისში წვრთნაზე ისაუბრა.
როგორც ჯენსენმა “ამერიკის ხმის” ქართული სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, იგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ტერორიზმის საბაბით პანკისში შეიჭრას.
„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს რუსეთმა საქართველოში მორიგი შეჭრის საბაბად გამოიყენოს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი პასუხობს, რომ “რა თქმა უნდა”.
“ამიტომაც თქვა ეს ლავროვმა. მსგავსი რიტორიკა ხალხში ერთგვარ მოლოდინებს ქმნის. ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთი დასავლეთის მოკავშირეა, რაც მას გარკვეული დაუსჯელობის სტატუსს ანიჭებს. თუ რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერორისტები არიან და ამას პანკისში შესასვლელად გამოიყენებს, მერე ყველას ეტყვის, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო. მეორე სახიფათო საკითხია კრემლის მიერ საქართველოს საშინაო საკითხებში ჩარევა, თითქოს კრემლს უფლება ჰქონდეს, ეს გააკეთოს. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რუსეთის საქმე არ არის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე საუბარი, თუ ამას საქართველო არ სთხოვს და საქართველოს ეს არ უთხოვია”, – განაცხადა ჯენსენმა.