ლეონიდ ჩერნოვეცკი მეგის ქარდავაზე: ვერ ვიტან მწამებლებს
მე ვერ ვიტან მწამებლებს, – ასე უპასუხა პარტია „ბედნიერი საქართველოს” ლიდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ დააწესა მეგის ქარდავას დაკავებაზე ჯილდო.
როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ის მეგის ქარდავას არ იცნობს.
„არანაირი ურთიერთობა არ მქონია მეგის ქარდავასთან. როდესაც მე მომიყვნენ, როგორ აწამებდა ქარდავა ხალხს, ის ხელმძღვანელობდა მწამებლების მაფიას, მაშინ გადავწყვიტე, გამომეცხადებინა ჯილდოს შესახებ. ვერ ვიტან მწამებლებს. მე, კიევში გიორგი ღონღაძის ძეგლი დავდგი. იმის მიუხედავად, რომ მაშინდელ პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ადანაშაულებდნენ მის მკვლელობაში. მაშინ ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მე კი მერი ვიყავი, უკან არ დამიხევია. თუ კიდევ ვინმე ნაძირალას დამისახელებთ, ვინც ხალხს აწამებს, მის ჩამოყვანაზეც გავცემ ჯილდოს“, – განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის დეკემბერში კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის, მეგის ქარდავას პოლიციაში მიყვანისთვის 150 -ათასლარიან ჯილდო დააწესა. მეგის ქარდავა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული. მას ორ საქმეზე დაუსწრებლად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. წარდგენილი ბრალდებების ნაწილში, ქარდავა სასამართლომ გაამართლა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.