ლეონიდ ჩერნოვეცკი: სააკაშვილმა თავის დროზე დამაჯილდოვა ორდენით, რომელიც სადღაც დავკარგე

„სააკაშვილმა თავის დროზე დამაჯილდოვა ორდენით, რომელიც სადღაც დავკარგე“, – ამის შესახებ პარტია „ბედნიერი საქართველოს“ ლიდერმა, კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ საუბრისას განაცხადა.
ამასთან, პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ სააკაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებს. მისი თქმით, კიევის მერობის დროს სააკაშვილის ხელისუფლება მას საინვესტიციო პროექტებს სთავაზობდა, თუმცა საქართველომ საინვესტიციო გარემოთი ვერ მოხიბლა.
„მე არანაირი ურთიერთობა არ მაქვს სააკაშვილთან. სულ ბოლოს ბათუმში შემთხვევით შევხვდი, როდესაც ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო. როდესაც კიევის მერი ვიყავი, მე ბევრი გავუკეთე საქართველოს, ჩემი ფულით ავაგე რუსთაველის ძეგლი, გამოვუყავი მიწა საქართველოს საელჩოს. ამიტომ სააკაშვილმა თავის დროზე დამაჯილდოვა ორდენით, რომელიც სადღაც დავკარგე. მე ჩამოვედი საქართველოში 6 წლის წინ, როცა ჯერ კიდევ კიევის მერი ვიყავი და არ მიკითხავს სააკაშვილისთვის, მეცხოვრა თუ არა საქართველოში. ბევრი მქონდა წაკითხული პრესაში, რომ აქ იყო დემოკრატია, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ აღმოჩნდა, როგორც მანამდე მეჩვენებოდა.
ქვეყანას ერთი ადამიანი მართავდა და ქვეყანა მისი წესებით ცხოვრობდა. სხვათა შორის, მაშინ ნორმალურად შემხვდა და მთავაზობდა გარკვეულ მომსახურებას. შეეძლო მიწაც მოეცა უფასოდ. მე კი მიწა ვიყიდე და არც არაფერი მითხოვია სანაცვლოდ. რაღაც საინვესტიციო პროექტებს მთავაზობდნენ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საქართველომ საინვესტიციო გარემოთი მომხიბლა“, – აღნიშნა ჩერნოვეცკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები