მოგების მკვეთრი დაცემის გამო, კომპანია Shell-ი 10 ათას თანამშრომელს შეამცირებს
ნავთობის კომპანია Royal Dutch Shell-მა დაადასტურა, რომ ის 10 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს. ამის მიზეზი ბოლო 13 წლის განმავლობაში მოგების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გახდა.
გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის მოგებამ 1,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში ის 3,3 მილიარდი დოლარი იყო.
გასულ წელს კომპანიის მოგებამ 3,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2014 წელს ის 19 მილიარდი დოლარი იყო. ნავთობის გაიაფების გამო, კომპანიამ ზოგიერთ მსხვილ პროექტზე უარი თქვა. ასე, მაგალითად, ალასკის სანაპიროსთან ნავთობის მოძიების პროგრამა გადაიდო. ნავთობის ფასებმა მსოფლიოს კომპანიებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. მსოფლიოს უმსხვილესმა კორპორაცია ExxonMobil-მა განაცხადა, რომ ბოლო კვარტალში 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი შემოსავალი მიიღო. კომპანია BP-მ 2015 წელს ისტორიაში ყველაზე სერიოზული ზარალი განიცადა.