გუბაზ სანიკიძის კრიტიკა მარგველაშვილს: ამ დარბაზში ზვიად გამსახურდია არ იქნა ნახსენები
„არ ვიტყვი იმას, რომ თქვენ ეს შეგნებულად გამოგრჩათ, მაგრამ არ ვიცი, ეს რას შეიძლება დავაბრალო, ამ დარბაზში ზვიად გამსახურდია არ იქნა ნახსენები“, – ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართა.
სანიკიძემ განმარტა, რომ პრეზიდენტმა მისი აღნიშნული განცხადება შენიშვნად არ უნდა აღიქვას.
“ჩვენ მოკლე მეხსიერებამ ბევრჯერ წაგვაგებინა და მოკლე მეხსიერება არ არის ჩვენი მოკავშირე, იმასაც ვთვლი, რომ გამსახურდია ის პერსონა არ არის, რომელიც უცებ უნდა გადავივიწყოთ. გამსახურდიას პერსონა, მისი ხსოვნა და საქმიანობა ქართულ სახელმწიფოს ხელს არაფერში არ უშლის, თორემ, აბსოლუტური და უნივერსალური პიროვნებები ისტორიამ არ იცის.
ძალიან დიდი, საქვეყნოდ ცნობილი ადამიანები, ვაშინგტონი იქნება, თუ ჯუზეპე გარიბალდი, უნაკლო ადამიანები არ იყვნენ, მათ თავიანთი სისუსტეები ჰქონდათ, მაგრამ ისინი დიდ იდეებს და იდეალებს ემსახურებოდნენ. ხანდახან ქართული სახელმწიფოს შემქმნელი დამოუკიდებლობის გამომცხადებელი ზვიად გამსახურდია გავიხსენოთ. ათასი წლის შემდეგ, პატარა ბავშვს რომ ჰკითხონ, საქართველოს ვინ მოუტანა დამოუკიდებლობა? – ისინი ეტყვიან, რომ ეს იყო ზვიად გამსახურდია“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.