თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტისთვის სამართლიანი მართლმსაჯულება ნიშნავს მისთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას აფასებს.

როგორც დეპუტატმა “კვირას“ განუცხადა, პრეზიდენტის ინიციატივები, რომლებიც ორიენტირებულია სამუშაო ადგილების შექმნაზე, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურული პროექტების გაუმჯობესებაზე, მისთვის მისაღებია.

მეჭიაური ასევე იზიარებს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მართლმსაჯულების სფეროს რეფორმების საჭიროებას ეხებოდა, თუმცა დეპუტატი ფიქრობს, რომ პრეზიდენტისთვის სამართლიანი მართლმსაჯულების აღქმა მისთვის მისაღები გადაწყვეტილებებით განისაზღვრება.
დეპუტატი აღნიშნულ კონტექსტში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილებაზე და პრეზიდენტის ვეტოზე ამახვილებს ყურადღებას.
“პრეზიდენტის მოხსენებაში ვიზიარებ სამუშაო ადგილების შექმნაზე, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების გამუჯობესების თაობაზე გამოთქმულ ინიციატივებს. რაც შეეხება მართლმსაჯულების სფეროს რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას, მეც ვიზიარებ იმას, რომ აუცილებელია სასამართლოს რეფორმა, მაგრამ პრეზიდენტის პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ გადაწყვეტილებაზე ბადებს განცდას, რომ მისთვის სამართლიანი მართლმსაჯულება ნიშნავს მისთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს. ფაქტია, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლო ისევ არის მართული ყოფილი ხელისუფლების მხრიდან და ის პოლიტიზებულია. ამაზე მიუთითებს საზედამხედველო სააგენტოსთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება“,- განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები