ნორვეგიული ინვესტიციით საქართველოში თევზის მეურნეობა მოეწყობა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და ნორვეგიული კონსორციუმის Green Sea Food-ის წარმომადგენელმა სტეინარ გრავასმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია აჭარაში, ქალაქ ქობულეთში ინვესტიციის განხორციელება და, საპილოტე პროექტის სტატუსით, თევზის (ნორვეგიული ორაგულის) მეურნეობის მოწყობა. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და თევზის წარმოებას ბიოლოგიურად სუფთა საკვებით.
ნორვეგიული კომპანიის წარმომადგენლის სტეინარ გრავასის განცხადებით, მიუხედავად არაერთი ქვეყნის მხრიდან შეთავაზებისა, საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო აღმოჩნდა განმსაზღვრელი ფაქტორი, რის საფუძველზეც ინვესტიცია სწორედ საქართველოში განხორციელდება.
,,საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და წყლის რესურსი – მდინარეები, ტბები და ზღვა – ძალიან ხელსაყრელია აკვაკულტურის განვითარებისთვის. ამდენად, თევზის წარმოების კუთხით საქართველო შეუდარებელი ადგილია.
საქართველო მოქცეულია აბრეშუმის გზის ცენტრში, რაც დამატებით პრიორიტეტს წარმოადგენს პროდუქციის ექსპორტირების მიმართულებით. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, შესაძლებელი იქნება პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში განხორციელდეს,“ – აღნიშნა სტეინარ გრავასმა.
როგორც Green Sea Food-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, პროექტის პირველი ეტაპი არის საქართველოში გარემოს დაბინძურების გარეშე თევზის წარმოების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება. თევზი, რომლის წარმოებასაც ვაპირებთ, ჯანსაღი საკვებით, ყოველგვარი ანტიბიოტიკების და დანამატების გარეშე იქნება გამოკვებილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ 2016 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბევრი ახალი მიმართულებით გაააქტიურებს მუშაობას. მათ შორის, განსაკუთრებით პრიორიტეტულია აკვაკულტურის განვითარება.
,,აკვაკულტურის განვითარება ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა. პირველი შედეგიანი ნაბიჯიც გადავდგით და ნორვეგიულ კომპანიასთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს. ეს იქნება სამფაზიანი საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით თევზის წარმოება, გადამუშავება და ექსპორტი განხორციელდება. მსგავი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას. აღნიშნული პროექტი, თევზის წარმოების პარალელურად, ბიონერგიის გამოყოფის შესაძლებლობებს, დისტრიბუციასა და ექსპორტის განხორციელების საკითხებს ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ანალოგი სულ რამდენიმე ქვეყანაში გვხვდება, შესაბამისად, რეგიონში ჩვენ ვიქნებით ლიდერი“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას და მემორანდუმის ხელმოწერის ღონიოსძიებას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილეები: ლევან დავითაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი, იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები