კონსტანტინე კოჩიევი: სამხრეთ ოსეთი მზადაა, ჰააგის სასამართლოსთან ითანამშრომლოს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის მრჩევლის კონსტანტინე კოჩიევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ ჰააგის სასამართლოს, მაინც გადაუგზავნიან მასალებს გამოსაკვლევად.
კოჩიევი პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადებას საქართველოს პოზიციის მხარდამჭერს უწოდებს. მისი თქმით, ბენსუდას განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ბრალდებებს სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს წაუყენებენ.
“რამდენად სწრაფად წარიმართება გამოძიება, ამის თქმა რთულია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მითითებები მიიღეს გამომძიებლებმა. თუკი აქვთ სურვილი, რომ ეს გამოძიება გამოიყენონ, როგორც პოლიტიკური ბერკეტი და ამის თქმის საშუალებას გვაძლევს უკვე გარკვეული ფაქტები, მაგალითად, განცხადება, რომელიც ფატუ ბენსუდამ გააკეთა საქართველოს პოზიციის მხარდასაჭერად, არის ერთმნიშვნელოვნად ანგაჟირებული და მიანიშნებს იმაზე, რომ ბრალდებებს სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს წაუყენებენ. ნაკლებად გვჯერა, რომ ბრალს საერთაშორისო გამოძიება ქართველ დამნაშავეებს წარუდგენს, მიუხედავად ამისა, სამხრეთ ოსეთი მზადაა, ჰააგის სასამართლოსთან ითანამშრომლოს,” – განაცხადა კონსტანტინე კოჩიევმა.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების უფლება მიეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ (ICC) 27 იანვარს მიიღო. დღეს გახდა ცნობილი,რომ რუსეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. რუსული სააგენტოების ცნობით, განცხადება ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში გაკეთდა. უწყებაში განმარტეს, რომ რუსეთს არ აქვს რატიფიცირებული რომის სტატუტი და, შესაბამისად, ის ძალაშიც არ შესულა. რუსეთმა რომის სტატუტს ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა დოკუმენტის რატიფიცირება დღემდე არ მოუხდენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები