ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნები დაიწყო
აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო ძალების ბაზაზე სამდღიანი სამხედო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
წვრთნების დროს გაიმართება საბრძოლო სროლები უახლესი ტიპის იარაღის გამოყენებით, ასეევე გამოყენებული იქნება ციფრული კავშირის და ნავიგაციის საშუალებები. წვრთნებში 100-მდე ოფიცერი და 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.
მეთაურები პოლიგონზე გამართავენ სროლას მაკაროვის სისტემის პისტოლეტით, АК-47-ის ავტომატით, ასევე გაისვრიან ჯავშანტრანსპორტიორზე და ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე დამონტაჟებული შეიარაღებიდან.
წვრთნების დასრულების შემდეგ ოფიცრები გამოცდებს ჩააბარებენ. სამხედრო მანევრები ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც დაიწყო. მასში რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ქვედანაყოფები მონაწილეობენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაწყებულ წვრთნებში, საერთო ჯამში, 1 500 ჯარისკაცი და ოფიცერი მონაწილეობს.