ხვალ პროექტ IDEAS ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ხვალ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ევროკავშირის დაფინანსებით დაწყებული პროექტის – IDEAS ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
პროექტის შედეგებს არასამთავრობო ორგანიზაციები, არასამთავრობო სტრუქტურები და მედიასაშუალებები გაეცნობიან.
შეხვედრაზე გაიმართება დისკუსია თემაზე: ინკლუზიური გადაწყვეტილებების მოდელის რეალიზება საქართველოში. პროექტი სახელწოდებით: IDEAS 2013 წელს დაიწყო, ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და ინკლუზიური საზოგადოების შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
“საქართველოში, მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხის ირგვლივ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ყოველთვის არ შეესაბამება იმ პირთა საჭიროებებს, ვისზეც ეს გადაწყვეტილებებია მიმართული.
არსებული საკანონმდებლო რეგულაციები ხშირად უგულებელყოფილია სერვისების მიწოდების სისტემის არაეფექტურობის, სამთავრობო უწყებების არასაკმარისი კონტროლისა და მთავრობის წარმომადგენლებისა და ფართო საზოგადოების ნაკლები გაცნობიერებულობის გამო.
ეს პრობლემები შეიძლება მოგვარდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შესაბამისი ორგანიზაციების, როგორც მთავრობის პარტნიორთა, მეტი ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტ IDEAS მიზანია ინკლუზიური საზოგადოების შექმნის ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების სფეროში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდით პოლიტიკის შექმნის პროცესში, რაც, ამავდროულად, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების უფრო ეფექტურ წარმოდგენასა და მათი უფლებების დაცვას. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ აზერბაიჯანში, იორდანიაში, ლიბანში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთში“,- აღნიშნულია პროექტის ხელმძღვანელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები